სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
პროგრამაში განაცხადების მიღება მიმდინარეობს ბიუჯეტის ამოწურვამდე.
პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge ან სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის, მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგრო-ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა.
- პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის განმახორციელებელია - სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები და პირობები
- პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ პროგრამის მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს.
- პოტენციურ ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები, რომლებიც გაშენებულია სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰა-ს.
- მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა, უნდა იყოს რეგისტრირებული პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში.
- სააგენტოს მიერ უნდა დასტურდებოდეს პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე კენკროვანი კულტურების ბაღების არსებობა.
თანადაფინანსება/ანაზღაურება
- პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80,000 ლარისა.
- 1 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღზე გადაანგარიშებით შესანახი მაცივრ(ებ)ის თანადაფინანსების/ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ლარს.
- ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი მაცივრ(ებ)ის ჯამური ტევადობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 0.8 ტონას.
- მაცივრ(ებ)ის ერთი ერთეული შესანახი კამერის მოცულობა გათვლილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 ტონა კენკროვანი კულტურის შენახვაზე.
- პროექტის დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი ჯამური ღირებულება მოიცავს შესანახი მაცივრის, ტრანსპორტირების, განბაჟების და მონტაჟის/ინსტალაციის ღირებულებას.
- პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი მაცივრები.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ანაზღაურების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განაცხადი;
- უფლებამოსილი პირის პირაობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი;
- ნოტარიულად დამოწმებული კოოპერატივის საერთო კრების ოქმი, სადაც გამოხატულია თანხმობა პროგრამაში მონაწილეობის, პროგრამით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ;
- შესასყიდი მომსახურების/საქონლის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე ან ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მხარეთა რეკვიზიტები;
- მიწოდების ვადა;
- ღირებულება ეროვნულ ვალუტაში;
- სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ - „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის, დასაფინანსებელი მაცივრ(ებ)ის ჯამური ტევადობის (კამერების მიხედვით) და პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე კენკროვანი კულტურების ბაღ(ებ)ის არსებობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შემნახველი სამაცივრე მეურნეობის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება და ბაღ(ებ)ის არსებობის დამადასტურებელი სურათები;
- მიწის ნაკვეთის კოოპერატივის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა;
- სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა დასაფინანსებელი მაცივრ(ებ)ის ტექნიკური პარამეტრებისა და დაგეგმილი კულტურების შენახვის სპეციფიკის ურთიერთშესაბამისობის შესახებ;
- მშენებლობის ნებართვა (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
- პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა/ხელშეკრულება საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი მოცულობის სესხის/ლიზინგის დამტკიცების შესახებ ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი; შენიშვნა: ანაზღაურების შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.
- საბანკო რეკვიზიტები;
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
პროგრამის მონიტორინგი
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.
- სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.