„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში 2020 წლის 1 იანვრიდან, ხოლო “მეწარმეთა შესახებ“ კანონში 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს, გთხოვთ 2022 წლის 31 დეკემბრამდე კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოთ კოოპერატივის წესდებები, პაისა და მეპაიეთა რაოდენობები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიწყდებათ სასოფლო-სამეურნეო სტატუსი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის თანახმად, სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის სავალდებულო საპაიო (ერთი პაის ღირებულება) შენატანი არ უნდა იყოს 300 ლარზე ნაკლები. კოოპერატივებში წევრთა/მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 9, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში რეგისტრირებული კოოპერატივების შემთხვევაში არანაკლებ 5.
კოოპერატივის დაფუძნებისას იხელმძღვანელეთ ქვემოთ განთავსებული წესდების თქვენთვის სასურველი/მისაღები ნიმუშით (მონისტური მართვის სისტემა/დუალისტური მართვის სისტემა) და შესაბამისი წესდების მოდელისთვის განკუთვნილი თანდართული ოქმებით. კოოპერატივის დაფუძნება/ რეგისტრაცია ხდება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
კოოპერატივის დაფუძნების შემდგომ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მისაღებად უნდა მიმართოთ ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი განცხადების ფორმით და შემდგომი თანდართული დოკუმენტაციით (ნიმიშები იხილეთ ქვემოთ):
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის (კოოპერატივის) რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება;
წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
წესდებით დადგენილი პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი (პაი შეტანილი უნდა იყოს ინდივიდუალურად ყველა მეპაიის მიერ და დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს რომ ეს წარმოადგენს კონკრეტული პირის პაის, იმ შემთხვევაში თუ ყველა მეპაიის პაის შეტანა ხდება ერთ-ერთი უფლებამოსილი პირის მიერ დანიშნულებაში ცალ-ცალკე მიეთითება კონკრეტულად რომელი მეპაიის პაის შეტანა განხორციელდა);
მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, მეპაიის ეკონომიკური მონაწილეობა, პაის ოდენობა და სხვა პირობები;
საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება.
დარეგისტრირებისა და სტატუსის მინიჭების შემდგომ, მეპაიეთა რაოდენობის, კოოპერატივის დასახელების, იურიდიული მისამართის ცვლილებების შემთხვევაში წარმოგვიდგინეთ სოფლის განვითარების სააგენტოში ინფორმაცია განხორციელებული ცვლილებების შესახებ, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 1501-ზე.
დარეგისტრირების შემდგომ, მეპაიეთა გაზრდის შემთხვევაში წარმოგვიდგინეთ ინფორმაცია დამატებული მეპაიეების შესახებ, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით.
ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 1501-ზე.
- საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ
- ბრძანება 2-16, წევრთა რეესტრის წარმოების წესი
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვების და შეწყვეტის წესი, 254-ე დადგენილება
- განცხადების ფორმა სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭებაზე
- სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მოთხოვნისას წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ხელშეკრულება მეპაიესთან, ნიმუში
- ხელშეკრულება ასოცირებულ წევრთან, ნიმუში
- სადამფუძნებლო კრების ოქმი (მონისტური)
- სადამფუძნებლო კრების ოქმი (დუალისტური)
- კოოპერატივის სადამფუძნებლო შეთანხმება (ტიპიური)
- წესდება დუალისტური მართვის სისტემა (ნიმუში)
- წესდება მონისტური მართვის სისტემა (ნიმუში)