სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

განაცხადის ფორმა

თანმდევი დოკუმენტების ნუსხა

საერთო კრების ოქმის ნიმუში

მთავრობის დადგენილება

პროგრამაში განაცხადები მიიღება 2022 წლის 19 აგვისტოს 23:59 საათის ჩათვლით.

პროგრამის ფარგლებში განაცხადი მიიღება ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge ან სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსა და რეგიონული სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

პროგრამის მიზანი და ამოცანა

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა.

პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა.

პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.

პროგრამის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს ახალი, მშრალი ან/და სამაცივრე, შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას.

შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 ტონას.

პროგრამა ითვალისწინებს შემნახველი საწარმოსათვის, მხოლოდ ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების) შეძენის/შექმნის თანადაფინანსებას.

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ძირითადი საშუალებების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს არაუმეტეს 450,000 ლარისა.

შემნახველი საწარმო უნდა შეესაბამებოდეს პროგრამით დადგენილ სტანდარტებს.

შემნახველი საწარმოს სტანდარტები

ზოგადი ინფორმაცია შემნახველი საწარმოს შესახებ.

ბოსტნეულის შესანახი საცავი წარმოადგენს შენობა ნაგებობას, რომელიც განკუთვნილია ოპტიმალური მიკროკლიმატის პირობებში ხანმოკლე ან ხანგრძლივი დროით მოსავლის შესანახად, შესანახი საწარმოოს მთავარი მოთხოვნაა აუცილებელი მიკროკლიმატი, რომელიც მიიღწევა ვენტილაციისა და გაგრილების მოწყობილობებით.

დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ ბოსტნეულის შესანახი საცავების 2 ძირითად ტიპს: უნივერსალურს და სპეციალიზირებულს. უნივერსალური საცავები განკუთვნილია სხვადასახვა სახის ნედლეულის შესანახად. სპეციალიზირებული საცავები განკუთვნილია ერთი სახის ნედლეულის შესანახად.

განლაგების მიხედვით კარტოფილის და ბოსტნეულის საცავები არის მიწისზედა, ნახევრად ჩაღრმავებული და მიწისქვეშა საცავები.

მოთხოვნები ტერიტორიის მიმართ

  • შემნახველი საწარმოოს ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი.
  • შემნახველი საწარმოს ის ნაწილი, რომელის განკუთვნილია სატვირთო ავტომობილის სამოძრაოდ დაფარული უნდა იყოს ასფალტის ფენით ან ბეტონით.
  • შემნახველი საწარმოსთვის შერჩეულ მიწის ნაკვეთთან უნდა იყოს შესაძლებელი სატვირთო ავტომობილის მისვლა.
  • ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს სანიტარული სტანდარტები.
  • კონსტრუქციის განლაგება სასურველია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გრძივი ღერძის გასწვრივ.

არსებითი მოთხოვნები შენობა - ნაგებობის მიმართ

  • შემნახველი საწარმოსთვის განკუთვნილი კაპიტალური შენობა-ნაგებობის ან/და კონსტრუქციის შესანახი კამერები შეფუთული უნდა იყოს პოლიურეთანის სენდვიჩის ფილებით ან პოლიურეთანის სენდვიჩის ფილები დამაგრებული უნდა იყოს ლითონის კონსტრუქციაზე (შესაძლებელია გამოყენებული იყოს პოლისტიროლიც).

  • კონსტრუქციის /კაპიტალური შენობა-ნაგებობის სახურავი უნდა იყოს დაბალი თბოგამტარებლობის და უნდა უზრუნველყოფდეს მოსული ნალექებისგან დაცვას.

  • შემნახველი საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლისა და დენის წყაროთი.

  • შემნახველი საწარმოოს იატაკი მოწყობილი უნდა იყოს დამუშავებული და მოპრიალებული ზედაპირის მქონე ბეტონით.

  • შემნახველი საწარმო დაყოფილი უნდა იყოს კამერებად და იძლეოდეს პროექტით გათვალისწინებული პროდუქციის შენახვის შესაძლებლობას.

  • შენობა-ნაგებობა მოხერხებული უნდა იყოს ნედლეულის დატვირთვა - განტვირთვის ოპერაციების მექანიზაციისათვის.

  • შემნახველ საწარმოს უნდა გააჩნდეს ბოსტნეულის დამხარისხებელი სივრცე.

  • შემნახველ საწარმოოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ზომის ასაწონი საშუალება.

  • შემნახველ საწარმოში გათვალისწინებული უნდა იყოს სველი წერტილები, სადეზინფექციო ბარიერი, საშხაპეები და გასახდელები ცალკე მამაკაცებისთვის და ცალკე ქალებისთვის.

ბოსტნეულის შესანახი საწარმოს ძირითადი აღჭურვილობა

  • შესანახ საკანში შესაძლებელი უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმის, ტენიანობის ან/და კონტროლირებადი ატმოსფეროს ინდივიდუალური რეგულირება, რამაც უნდა უზრუნველყოს შენახული ბოსტნეულის, კარტოფილის სტაბილური ხარისხის შენარჩუნება.

  • ოპტიმალური ტემპერატურის შესაქმნელად შემნახველი საწარმოს საკნები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სიმძლავრის მაცივარ აგრეგატებით.

  • შესანახ საკნებს უნდა ჰქონდეთ დამატენიანებელი, საჭირო ფარდობითი ტენიანობის უზრუნველსაყოფად.

  • პროდუქტის ჩახურების თავიდან აცილების მიზნით შემნახველი საწარმოს მშრალი საწყობი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ვენტილიაციის სისტემებით.

  • სასურველია შესანახი საკანი აღჭურვილი იყოს კონტროლირებადი ატმოსფეროს შესაქმნელი აგრეგატით.

პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი და შესაბამისობის კრიტერიუმები

პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს.

პოტენციური ბენეფიციარის თითოეული მეპაიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.1 ჰა-ს.

პოტენციური ბენეფიციარის ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 ჰა-ს.

ბენეფიციარის ვალდებულებები

შეუნარჩუნოს შემნახველ საწარმოს პროფილი საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. საწარმო ამოქმედებულად განისაზღვრება თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვისა, იმ შემთხვევაში თუ გაცემულია თანადაფინანსების თანხა სრულად ან ნაწილობრივ. ამასთან, დასაშვებია სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვროს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვემდე ვადაში, ბენეფიციარის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე;

ხელშეკრულების გაფორმებიდან ვალდებულებების სრულად შესრულებამდე არ დაუშვას პროგრამის ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერუმებით განსაზღვრული მეპაიეებისა და მიწის ფართობის რაოდენობის შემცირება;

ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

  • განაცხადის ფორმა
  • უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი;
  • შესასყიდი მომსახურების/საქონლის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    • მხარეთა რეკვიზიტები;
    • მიწოდების ვადა;
  • სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ - „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის (რომელსაც ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგად მინიჭებული აქვს დასკვნითი შეფასება - I, II, III ან IV კატეგორია) საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული ინვოის(ებ)ი და გამიჯნული ან/და იდენტიფიცირებადი (ცალ-ცალკე) უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოების და დანადგარების/აგრეგატების ღირებულება;
  • სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ - „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის (რომელსაც ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგად მინიჭებული აქვს დასკვნითი შეფასება - I, II, III ან IV კატეგორია) საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პოტენციური ბენეფიციარის და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (გარდა სათიბ-საძოვრისა) ფართობების შესახებ;
  • შენიშვნა*: პოტენციური ბენეფიციარის თითოეული მეპაიეს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.1 ჰა-ს. პოტენციური ბენეფიციარის ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 ჰა-ს.

  • ნოტარიულად დამოწმებული დამფუძნებლების/მეპაიეთა კრების ოქმი „ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების შესახებ, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო თანხის მოცულობა, შესაქმნელი/შესაძენი ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები, შენობა-ნაგებობა და სხვა) ჩამონათვალი და სააგენტოს სასარგებლოდ იპოთეკა/გირავნობით დატვირთვაზე გადაწყვეტილება;
  • სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა შესაქმნელი შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრებისა და დაგეგმილი კულტურების შენახვის სპეციფიკის ურთიერთშესაბამისობის შესახებ;
  • კოოპერატივის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), სადაც დაგეგმილია შემნახველი საწარმოს მოწყობა;
  • ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
  • მშენებლობის ნებართვა (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
  • პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა/ხელშეკრულება საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი მოცულობის სესხის/ლიზინგის დამტკიცების შესახებ ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

მონიტორინგი

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.

სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.